ისტორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ისტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1917 წლის 1 ივლისს თბილისში დაარსებული - კავკასიის ისტორიულ - არქეოლოგიური ინსტიტუტიდან. აღნიშნული ინსტიტუტის დაარსება განხორციელდა აკადემიკოს ნიკო მარის მოთავეობით. ინსტიტუტში, დაარსებისთანავე მიმდინარეობდა ისტორიული ხასიათის მასალის შეგროვება, ტარდებოდა უაღრესად მნიშვნელოვანი ექსპედიციები და მიმდინარეობდა კულტურულ- საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ინსტიტუტის პირველ ნამდვილ წევრებად (როგორც ამას მაშინდელი წესდება განსაზღვრავდა) არჩეულები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი. ამავე დროს, 1918 წლიდან ისინი უნივერსიტეტის პროფესორებად აირჩიეს, ხოლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე - ექვთიმე თაყაიშვილი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და არქეოლოგიის კათედრის პირველი გამგეა. 1931 წელს ინსტიტუტს ეწოდა კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი, ხოლო 1936 წელს, მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ, მან აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) სახელწოდება მიიღო. აქ მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი მეცნიერები: ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ჯანაშია, გიორგი ახვლედიანი, ნიკო ბერძენიშვილი, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვა. ენიმკის დაარსებისთანავე, აქ მუდმივ კონსულტანტად მოწვეული იყო ივანე ჯავახიშვილი. ენიმკი აერთიანებდა ქართველურ ენათა, კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიისა და სამეცნიერო ტერმიონოლოგიის, მახლობელი აღმოსავლეთის ენათა, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებებს, ფონეტიკისა და ნ. მარის კაბინეტებს. 1941 წლის 8 მაისს ენიმკი გაიყო და მის ბაზაზე შეიქმნა ორი ინსტიტუტი: 1 ისტორიის ინსტიტუტი; 2 - აკად. ნ. მარის ენის (შემდგომში ენათმეცნიერების) ინსტიტუტი. ეს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ისტორიაში ახალი ეტაპი იყო. იმდროინდელი ახლადშექმნილი ისტორიის ინსტიტუტი გახდა საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის შემსწავლელი ძირითადი ცენტრი. არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული სამუშაოების გაფართოების გამო, 1964 წელს ისტორიის ინსტიტუტს ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, ხოლო 1977 წელს ინსტიტუტს გამოეყო და ცალკე სამეცნიერო კერად ჩამოყალიბდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. 2006 წლიდან ინსტიტუტი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; 2011 წლიდან კი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულია.