ეთნოგენეზის კვლევაში საკუთარი წვლილი შეაქვს მეცნიერების მრავალ დარგს. ჩვენს შემთხვევაში შევეხებით ქართველთა მორფოლოგიური ტიპის ჩამოყალიბებას სივრცესა და დროში, თუმცა ეთნოსის თითოეული შემადგენელი ნაწილის წარმოშობასა და ჩამოყალიბებას თავისი დამოუკიდებელი გზა აქვს, რომლებიც მიზეზობრივად ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი და ამიტომ მათი სრული დამთხვევა შეუძლებელიც კია. მოსახლეობის თანამედროვე ანთროპოლოგიური შემადგენლობისა და ეთნოგენეზის კვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ ხალხთა კულტურული და ენობრივი ნათესაობა ხშირად არ შეესაბამება მათ წარმომავლობით ნათესაობას და საერთო გენოფონდს. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად, ბალყარელები და ყარაჩაელები თურქულ ენაზე ლაპარაკობენ, ხოლო მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით კავკასიელები არიან. მათ მორფოლოგიური მსავსება აახლოვებთ ინგუშებთან, ჩეჩნებთან, დასავლურ დაღესტნურ ჯგუფებთან და საქართველოს მაღალმთიანეთის მოსახლეობასთან, ე. ი. ცენტრალური კავკასიის მოსახლეობასთან, რომლებიც კავკასიურ ენებზე ლაპარაკობენ. ჩვენი აზრით, მორფოლოგიური კრიტერიუმი ამ შემთხვევაში უფრო რეალურად ასახავს არსებულ ვითარებას, რადგან ენა და კულტურა შეიძლება გავრცელდეს მათი მატარებლების გარეშე, ხოლო ანთროპოლოგიურ ტიპს ყოველთვის თან ახლავს ენისა და კულტურის გავრცელება. [1] მაშასადამე, ანთროპოლოგიური მონაცემების როლი მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობენ წერილობითი, ისტორიული და ეთნოგრაფიული მონაცემები. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული პალეოანთროპოლოგიური მასალა ენეოლითის ხანისაა და, სამწუხაროდ, ერთი თავის ქალას მონაცემებს ემყარება, მამაკაცის თავის ქალა აბანოსხევიდან (არაგვის აუზი) ცუდი დაცულობის და უაღრესად ფრაგმენტულია, ხასიათდება ქალას მაჩვენებლის ძალზე დაბალი სიდიდით (დოლიქოკრანიით), ცხვირის უნაგირის მაქსიმალური სიმაღლითა და საშუალოზე მეტი სიდიდის ზედაყბის მაჩვენებლით. [2] ხოლო ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებში [3] მოყვანილი მასალა (ჭიათურა, კიკეთი, ახალციხე, კულახომი, ზეიანი) გადათარიღებულ იქნა არქეოლოგების მიერ ადრებრინჯაოს ხანით. თავის დროზე ჭიათურის (2), კიკეთის (11) და ახალციხის (4) თავის ქალების შესწავლამ საშუალება მისცა მ. აბდუშელიშვილს [4] გამოეყო ორი ტიპი ენეოლოთის მოსახლეობაში. კერძოდ, ფართოსახიანი მეზოკრანული (ჭიათურა) და დოლიქოკრანული, ვიწროსახიანი (კიკეთი, ახალციხე). პირველ ტიპს არა აქვს ანალოგი კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში, ხოლო მეორე ტიპი ფართოდ არის გავრცელებული როგორც სინქრონულ, ასევე მომდევნო ადრებრინჯაოს ხანაში. [5] ენეოლითის ხანაში სამხრეთ ევროპეიდების გავრცელების არეალიდან მამაკაცის (ბასკეთი, საფრანგეთი) თავის ქალები ძირითადად დოლიქოკრანულია, ხოლო ქალების – მეზოკრანული თავის ქალებით არიან წარმოდგენილნი. [6] ისინი განსხვავდებიან სახის ფორმებითაც, უკვე არიან (ალ-უბადთი, ირანი) როგორც მაღალი, ვიწრო სახით და განიერი ცხვირით, [7] ასევე (ზემო ეგვიპტე) საშუალო სიმაღლის და სიგანის სახით და განიერი ცხვირით [8] და ა. შ. ყველა ვარიანტებით. ამ დიდ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამხრეთ ევროპეიდული რასა არის გავრცელებული, მოსახლეობა განსხვავდება ძირითადად თავისა და სახის ფორმით და ცხვირის სიგანით. ეს ნიშნები მიუთითებს უძველესი დროიდანვე მოსახლეობის არაერთგვაროვნებაზე. უდავოა, რომ წინააზიისა და კავკასიის რასების ჩამოყალიბება ხდებოდა ერთგვაროვანი საწყისი ელემეტების ნიადაგზე, ამიტომ სირიულ-მესოპოტამიური ტიპების არსებობა სამხრეთ კავკასიაში და კავკასიური ტიპების სირიაში, მესოპოტამიასა და ქურთისტანში, სავსებით გასაგებია. [9] ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ერთგვაროვანი, ანუ ახლო მონათესავე ტომები. ერთგვაროვნება, რა თქმა უნდა, პირობითი იყო როგორც ეთნიკური, ისე ანთროპოლოგიური ნიშნით, რადგან ამ დროსაც სერიებში, რომლებისათვისაც დამახასიათებელია დაბალი ქალას მაჩვენებელი [10] გვხვდება ბრაქიკრანული ფორმები. ბრაქიკრანია აღნიშნულია ასევე მცირე რიცხოვნობის სერიებშიც. [11] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ენეოლითის ხანის კრანიოლოგიური მასალა ფრაგმენტულია, მომდევნო პერიოდიდან გამომდინარე, ენეოლითის მოსახლეობა ძირითადად დოლიქოკრანული და ვიწროსახიანი უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობს მის გენეტიკურ მონაცვლეობას. ადრებრინჯაოს ხანაში თავის ქალები ძირითადად დოლიქოკრანულია, როგორც საქართველოში, ასევე ყველგან. თანდათანობით სერიებში შეინიშნება მოსახლეობის ცვალებადობა დოლიქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ბრაქიკეფალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთლიანად კავკასიისა და წინააზიის ტერიტორიაზე და ამდენად ეს იყო ერთი ანთროპოლოგიური ფენა, მკვეთრად გამოხატული დოლიქოკრანული ფორმის თავის ქალით, მაღალი ქალა-სარქველით, საშუალოზე ვიწრო და საშუალოზე მაღალი, მკვეთრად პროფილირებული სახით, წინ მკვეთრად წარზიდული ვიწრო და საშუალო სიმაღლის ცხვირით. ასეთი იყო ძირითადი ტიპი, რომელიც საერთო სუბსტრატია კავკასიის აბორიგენული მოსახლეობისათვის. მაშასადამე მოსახლეობა, რომელიც ბრინჯაოს ხანიდან ბინადრობდა მეტ-ნაკლებად უცვლელი სახით, ჩვენთვის არის ათვლის წერტილი, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც, სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება სოლიდური მასალა ენეოლითისა თუ უფრო ადრეული ხანისა. საქართველო ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი კლასიკური ქვეყანაა. არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ბრინჯაოს კულტურა აღმოცენდა და განვითარდა ადგილობრივ ენეოლითური კულტურის ნიადაგზე, რითაც აიხსნება ასე მკვეთრად გამოხატული ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოსა და გვიან ბრინჯაოს პერიოდები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. [12] ამ კულტურის მძლავრი განვითარება აგრეთვე დაკავშირებულია მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან. უშუალოდ მონაცემები ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ათვისებული იყო და საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული საქართველოს ტერიტორიის როგორც ბარი, ასევე მაღალმთიანი რაიონები. [13] მჭიდრო დასახლებები ცნობილია შიდა ქართლში, სადაც ისინი მდინარის გასწვრივ 2-4 კმ დაშორებით არიან განლაგებულნი, რაც თავის თავად მეტყველებს მოსახლეობის სიმჭიდროვეზე. [14] სწორედ ამიტომ ამ მოსახლეობამ შესძლო მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა ჩვენი ხალხის ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან რკინის ფართო ათვისების ხანამდე (VIII ს ძვ. წ. აღ.) ეს მოსახლეობა წარმოადგენდა ძირითადად ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს სუბსტრატი იყო იმდენად დიდი და მძლავრი, რომ გაუძლო სხვადასხვა ინფილტრაციას, შესაძლოა შერევებს. ამ ტიპის ასეთი ხანგრძლივი დროით თითქმის უცვლელი სახით დაკონსერვება, ალბათ, მოხერხდა იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას კონტაქტი უხდებოდა ძირითადად ევროპეოიდებთან, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრეცელებულნი სამხრეთით ტიგროსითა და ევფრატით დაწყებული, ირანის შიდა ოლქებით გაგრძელებული და ანატოლიის კუნძულებით დამთავრებული. [15] ამ ვრცელ ტერიტორიაზე ისევე, როგორც კავკასიაში, ძირითადად ერთი ტიპის მოსახლეობა იყო განსახლებული და ერთნაირი პროცესები მიმდინარეობდა. ტერიტორიულად ახლო ადგილობრივ ჯგუფების ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი ეთნიკური ერთობლიობა ანთროპოლოგიურად რჩება ცვალებადობის ფარგლებში, რომელიც ამ ტერიტორიისათვის არის დამახასიათებელი. [16] ამით აიხსნება ანთროპოლოგებსა და არქეოლოგებს შორის არსებული ერთგვარი უთანხმოება. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ანთროპოლოგიას, როგორც მეცნიერებას, არ ძალუძს მინარევებისა თუ სხვა პროცესების ზემოქმედების განსაზღვრა მოსახლეობაში. ანთროპოლოგიური მასალებიდან კარგად ჩანს მიგრაციისა და მეტისაციის კვალი, მოსახლეობის მონაცვლეობა თუ უწყვეტი განვითარება, რადგან ეთნოსის ისტორია ძირითადად "აღბეჭდილია” მის მორფოლოგიურ ნიშნებში, [17] მაგრამ თავიდანვე უარი უნდა ვთქვათ თანამედროვე რასობრივი კლასიფიკაციის პროეცირების მცდელობაზე ძველ პალეოანთროპოლოგიურ ტიპებზე, რადგან რასა (ისევე როგორც ეთნოსი) დინამიური კატეგორიაა, რომელიც არ არის უძრავი და აქვს თავისი განვითარების შინაგანი კანონზომიერება. ძირითად ამოცანად კი უნდა დავისახოთ ნიშნების ეპოქალური ტრანსფორმაციის გამოვლინება ქრონოლოგიურად თანმიმდევრულ მასალებზე. [18] გარდა ამ შინაგანი (გარდაუვალი) პროცესებისა, რომელსაც მეცნიერებაში ეპოქალური ტრანსფორმაცია უწოდეს, ამ ტიპის მქონე მოსახლეობამ პარალელურად განიცადა კიდევ სხვადასხვა პროცესების ინფილტრაციის, შერევის (მაგალითად: საქართველოში ყივჩაღების ასიმილაცია) ზემოქმედება, რომელიც დღესაც იგრძნობა საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის სხვადასხვა ეთნოსებს შორის სომატოლოგიურ, სეროლოგიურ თუ დერმატოგლიფიკურ ნიშნებში. [19] არავის და არასდროს ეჭვი არ შეპარვია, რომ ქართველები სამმხრეთევროპეოიდები არიან. საეჭვოდ ითვლებოდა ქართველთა ავტოქტონობა [20] კავკასიის ტერიტორიაზე და ამის საფუძველს იძლეოდა მნიშვნელოვანი განსხვავება თანამედროვე და უძველეს მოსახლეობას შორის. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალები ცხადყოფს, რომ უძველესი მოსახლეობა ხასიათდებოდა გრძელი და ვიწრო თავით (დოლიქოკრანიით), ვიწრო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და, საერთოდ, მიეკუთვნებოდა ხმელთაშუაზღვისპირულ მედიტერანულ ტიპს. ამავე ტერიტორიაზე მოპოვებული თანამედროვე კრანიოლოგიური სერიები ხასიათდება მოკლე და ფართო თავით (ბრაქიკრანიით), ფართო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და ა. შ. ასეთივე ტიპია დადასტურებული სომხეთში მოპოვებულ თანადროულ კრანიოლოგიურ სერიებშიც. კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე და აზერბაიჯანში ჭარბობენ ზომიერად ვიწრო სახიანი, მეზოკრანული, მცირედ პროფილირებული კრანიოლოგიური ფორმები. კავკასიის ანთროპოლოგიური ტიპების ეპოქალური ტრანსფორმაციის შესწავლამ ცხადყო თავისა და სახის მაჩვენებლების ზრდა დროში, [21] რაც საფუძველს იძლევა ვამტკიცოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის უწყვეტი გენეტიკური ერთიანობის ზოგადი დებულება, ქართველთა ავტოქტონურობა. [22] თანადროული მასალების ანალიზმა უჩვენა, რომ ისევე, როგორც საქართველოსა და კავკასიაში, წინა აზიაშიც ძირითადად დოლიქოკრანული თავის ქალები ჭარბობდნენ. ამავე დროს, თანამედროვე ბრაქიკრანული, წინააზიური ტიპების ფორმირება იმავე ტერიტორიაზე ხდებოდა, რომელზედაც იგი გავრცელებულია ამჟამად. [23] შემდგომმა მასალებმა დაადასტურა, რომ სამხრეთევროპეიდების ჩამოყალიბების არეალი მოიცავდა სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის ჩრდილო რეგიონებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მარტო კავკასიაში არის დაფიქსირებული სამხრეთევროპეოიდული დიდი რასის სამივე განშტოების (ხმელთაშუაზღვისპირული, ინდო-პამირული, წინააზიური) არსებობა კავკასიური ლოკალური ვარიანტებით. მაშასადამე, საქართველოს ისტორიის უძველესი ხანის ანთროპოლოგიური მასალები საშუალებას იძლევა განვიხილოთ უძველესი მოსახლეობის ფიზიკური ტიპის თავისებურება და მისი გენეზისის ძირითადი მიმართულება. "უძველესი დოლიქოკრანული და ვიწრო სახიანი სამხრეთ-ევროპეოიდული რასის წინააზიური ფორმები, ადრიდანვე არსებობდნენ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე და იმთავითვე განიცდიდნენ ტრანსფორმაციებს, რომლებსაც ძირითადად ადგილობრივი ხასიათი ჰქონდათ. ანთროპოლოგიური ტიპების ეს ტრანსფორმაციები სხვადასხვა ჯგუფებთან შეხებისას და სხვადასხვა სოციალურ-საყოფაცხოვრებო კულტურულ-ეკონომიკური, თუ ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მეოხებით, სხვადასხვა ხასიათს ღებულობდნენ, რამაც თანამედროვე მოსახლეობაში ერთმანეთისაგან განსხვავებით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ლოკალურ ვარიანტების ჩამოყალიბებას მისცა დასაბამი, იმ ვარიანტებისა, რომელსაც მიუხედავად რეგიონალური ნაირსახეობებისა, წარმოშობის ერთიანობით განპირობებული მორფოლოგიური მსგავსება აკავშირებს”. [24] კავკასიის მთელი ტერიტორიიდან მოპოვებული კრანიოლოგიური მასალები გვიჩვენებენ უძველესი მოსახლეობის უფრო ახლო მსგავსებას, თანამედროვესთან შედარებით. ეს ფაქტი თავისთავად არის უტყუარი დასტური ამ მოსახლეობის ანთროპოლოგიური ერთობისა. მხოლოდ შემდგომმა დიფერენციაციამ დაყო იგი რამდენიმე ლოკალურ ნაირსახეობად. კავკასიისა და საქართველოს მოსახლეობის რასო- და ეთნოგენეზში წამყვანი არის ადგილობრივი წარმომავლობა, ჩამოყალიბება და განვითარება ადგილობრივი ანთროპოლოგიური სუბსტრატისაგან, რომელმაც თავის მხრივ დასაბამი მისცა სამხრეთევროპეოიდული რასის ძირითადი დანაყოფების საწყის ფორმებს. [25] ისტორიული საქართველოს მოსახლეობა იმთავითვე ეკუთვნოდა ერთ დიდ ანთროპოლოგიურ პლასტს, რომელიც შედიოდა ინდო-ხმელთაშუაზღვისპირული რასის წინააზიური განშტოების შემადგენლობაში. უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე უმთავრესად დღევანდელი ქართველების უშუალო წინაპრები იმარხებოდნენ, რომლებიც არც თვითონ მოსულან ოდესმე სხვა ტერიტორიიდან და არც არავინ განუდევნიათ. ისტორიული საქართველოს ტერიტორია არის ადგილი ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისა. ამ ტერიტორიაზე მოხდა მათი შინაგანი განვითარება, ტრანსფორმირების შედეგად აქ ჩამოყალიბდა წინააზიური რასის დღევანდელი ლოკალური ნაირსახეობანი (კოლხური, იბერიული, კავკასიონის). ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ამის დასტურია თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასების კონტაქტის ზონა. საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა მონგოლოიდური თუ ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან, ცხრ.N 1 ქართველთა და დიდი რასების ძირითადი ნიშნების შედარება
ცხრ.N2 სისხლის ზოგიერთი ჯგუფის ცვალებადობა ქართველებში
ქართველების ფიზიკურ ტიპს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, რადგან ნეგროიდული და მონგოლოიდური ნიშნები დომინირებენ ევროპეოიდული ნიშნების მემკვიდრეობითობაზე. მონგოლოიდებთან მეტისაციის შედეგად ქართველებში გაჩნდებოდა ეპიკანთუსი (კანის ნაოჭი ზედა ქუთუთოზე, რომელიც ფარავს საცრემლე ბორცვს თვალის შიგნითა უპეში), თვალების ვიწრო ჭრილი, ცხვირის უნაგირი დაბალი, ცხვირის ზურგი ჩაღუნული, თმოვანი საფარველის ძალიან სუსტი ზრდა მკერდსა და წვერზე, ძალიან შავი (NN 4, 27) და უხეში თმების მაღალი პროცენტი, კანის ფერი უფრო მუქი ( NN 15-18), სუსტად პროფილირებული სახე და ა. შ., ხოლო ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან შერევით ქართველთა იერი შეიცვლებოდა ძალიან შავი, ხვეული თმებით, განიერი და ბრტყელი ცხვირით, ძალიან მუქი თვალების ფერით (NN 1-2), სქელი ტუჩებით და ა. შ. ამ ცხრილის მიხედვით ევროპეოიდული ნიშნები ქართველებში მკვეთრად არის გამოხატული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში (ვგულისხმობთ ცხვირის სიგანეს) ეს ნიშანი თითქოსდა გამოდის ევროპეოიდების ვარირების ფარგლებიდან, მაგრამ ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები ჩრდილო და სამხრეთ ევროპეიდების ვარირების საშუალო ფარგლებს ასახავს, რაც უფრო მაღალია კატეგორია, მით უფრო ვიწროა ცვალებადობის დონე, ამიტომ ამ მხრივაც ქართველებისათვის დამახასიათებელი ცხვირის სიგანე მნიშვნელოვნად დაბალია მონგოლოიდებსა და ნეგროიდებთან შედარებით და არ გამოდის სამხრეთევროპეოიდებისათვის დამახასიათებელი ფორმებიდან. ჩამოთვლილი ყველა ეს ნიშანი ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველების განიერი ყვრიმალები არ მიუთითებენ მათში მონგოლოიდური მინარევის არსებობას, რაც შეეხება თავის ფორმას, მონგოლოიდებშიც და ნეგროიდებშიც არიან როგორც დოლიქოკრანები, ასევე ბრაქიკრანული თავის ქალას მქონე ტიპები. სხვა ნიშნებით, როგორიცაა: სახის ჰორიზონტალური პროფილირება, პიგმენტაცია თუ სხვა, ქართველები უდავოდ სამხრეთ ევპროპეოიდები არიან. |