2022
საქმიანი საქართველო (1801-1921 წწ.)
20.03
ავტორები:
ალექსანდრე დაუშვილი
ოთარ ჯანელიძე
კაპიტალისტური წარმოების წესი ქართულ სინამდვილეში ძნელად, წინააღმდეგობების დაძლევის გზით შემოდიოდა და იმკვიდრებდა ადგილს. კაპიტალისტურ ურთიერთობებს თანდათან ქართველი დამცველებიც მოუმრავლდნენ და გამოუჩნდნენ; ესენი იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, რომანოზ ფანცხავა (ხომლელი), გიორგი მაიაშვილი-ზდანოვიჩი, ანტონ ფურცელაძე და სხვა, რომლებიც თანამემამულეებს უხსნიდნენ, განუმარტავდნენ და უჩვენებდნენ კაპიტალისტური ცხოვრების უპირატესობას.
ნაშრომში ნაჩვენებია საქართველოში კაპიტალიზმის გენეზისის რთული და წინააღმდეგობრივი გზა. წიგნში კაპიტალიზმი წარმოჩინდება თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, შუქ-ჩრდილებითა და მრავალმხრივობით: ფორმებითა და კომპანიებით; საქმიანი გარიგებებით, სააქციო საზოგადოებებით, ინვესტიციებით, საფონდო ბირჟებით, კონკურენციით, კონფლიქტებით, გამდიდრებითა და გაკოტრებით, განხორციელებული თუ ვერშემდგარი პროექტებით, სოციალური უსამართლობით, კლასობრივი ბრძოლით… ყველაფერი ეს ნაჩვენებია იმდროინდელი მსოფლიოს განვითარების ფონზე, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური სინამდვილის გათვალისწინებით.
ნაშრომში ასევე შესწავლილია საქართველოს მოსახლეობის პოპულაცია, დემოგრაფიული პრობლემები, ეთნიკური და კლასობრივი შემადგენლობა.
შესწავლილია რუსეთის იმპერიის ეკონომიკური მახასიათებლები და ქართული სინამდვილე: სახელმწიფოს ბიუჯეტი და ფულის მიმოქცევა, ფასიანი ქაღალდები, საბაჟო შემოსავლები, შემნახველი სალაროების ქსელის საქმიანობა, საფონდო ბირჟები, საკუთრების ფორმები, მათი დინამიკა და ა. შ.