2020
კოლხური გვარსახელის გენეზისი მრუდე სარკეში
20.12
ავტორი
დავით ჭითანავა
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საგამომცემლო გრანტი - SP-19-146.
წიგნში შესწავლილია კოლხური გვარსახელის გენეზისის საკითხები წერილობითი წყაროების, გენეტიკური, დემოგრაფიული, ანთროპოლოგიური, საარქივო მონაცმების და ავტორის მიერ სამეგრელოში მოპოვებული საველე-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით.
გვარსახელი, ეთნოსის შესწავლის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის კვლევა როგორც ანთროპოლოგიური, ისე ისტორიულ-ეთნოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. ქართველური ანთროპონომიული სისტემა ერთიანია (და უძველესი), მაგრამ ამ ერთიანობის ფარგლებში ქართულ, სვანურ და კოლხურ (ზანურ) გვარსახელებს გარკვეული თავისებურებები მოეპოვებათ როგორც ამოსავალ ფუძეთა (პირსახელთა, მეტსახელთა) სემანტიკის, ისე სუფიქსაციის თვალსაზრისით.
წიგნში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულების საკვლევი საკითხები:
შუა საუკუნეების ქართული და ძველაღმოსავლური (ხეთური, ასურული, ურარტული) წერილობითი წყაროების და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე განხილულია კოლხურ გვარსახელთა სუფიქსური და სუფიქსოიდური (ია//ვა, -(ი)ში, -(ი)ან, -სქირი (სკირი), -სქუა (სკუა), ჭკორი, -ტი, -უა, -ყვა, -ბერე//-ბერი, -ელ, -ულ, -ურ) მასალები, რომელიც მნიშვნელოვანი მასალაა ქართველურ ტომთა განსახლების არეალის დასადგენად და უშუალოდ კავშირშია ეთნოგენეზის საკითხებთან.
არქეოლოგიური მასალების, წერილობითი წყაროების, ლინგვისტური და ეთნოლოგიური მონაცემების ურტიერთშეჯერების საფუძველზე შესწავლილი ძველი კოლხური ხელოვნური ბორცვ-სამოსახლოების ე. წ. „დიხა-გუძუბების“ დასახლების სტრუქტურა და მისი ურთიერთმიმართება გვართან. დასახლების ერთეულების: „ოხორუს“ (სვანური „ქორ“), „სამოხიო“-ს და სვანური საგვარეულო დასახლების-სამხუბ//ლამხუბის სტრუქტურა და გენეზისი.
შესწავლილია მეგრული პატრონიმიიის და გვარის-დინო-ს და თური-ს გენეზისი და სტრუქტურა.
ნაშრომში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით შესწავლილია სამეგრელოში ეკზოგამიის და სხვადასხვა გვარებს შორის ქორწინების აკრძალვის წესები, რაც მნიშვნელოვანი მასალაა გენეტიკური და ანთროპოლოგიური კვლევების თვალსაზრისით.
ცალკე თავში წარმოდგენილია საკუთრივ სამეგრელოს და დღევანდელი აფხაზეთის (მაშინდელი ოდიშის სამთავრო) გვარსახელების ეთნოისტორიული კვლევა XVI-XVII საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით. ეს მასალა მნიშვნელოვანია პირველ რიგში აფხაზეთის იმდროინდელი ეთნიკური სურათის, ამ გვარსახლეთა მიგრაციის მიზეზების და მიმართულებების დასადგენად.
წიგნში ბოლო თავი დაეთმო „ნამლევ“, ანუ მცირერიცხოვან გვარსახელთა დემოგრაფიულ და გენეტიკურ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები. ეს კვლევები გარკვეული მიმართულებით სიახლეა არა მარტო ქართულ არამედ ზოგადად მეცნიერულ სივრცეში. ეს კვლევები ინერდისციპლინარული ხასიათისაა და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის პერსპექტივა აქვს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან.