25.06.2024

გიორგი ქავთარაძე

25 ივნისს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი ქავთარაძე, თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბატონი გიორგი ფართო თვალსაწიერისა და ორიგინალური ხედვის მეცნიერი იყო; მის სიძველეთმცოდნეობით ნაშრომებში კარგადაა შეზავებული უძველესი წერილობითი წყაროების, ენათმეცნიერული და არქეოლოგიური მასალის ღრმა ცოდნა. პოსტსაბჭოთა ხანაში მან, ერთ-ერთმა პირველმა შემოქმედებითად გამოიყენა სხვადასხვა დასავლური თეორია ჩვენთვის ტრადიციული თემატიკის ახლებურად გასააზრებლად. ამის კარგი მაგალითია მონოგრაფია „საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (ადრეული ხანიდან),“ სადაც, კონკრეტული საკითხების უაღრესად საინტერესო ანალიზის გვერდით, ვხვდებით მსჯელობას ზოგადად, სახელმწიფოებრიობაზე, ქართლის სამეფოს „არსებობის არსზე“, რაც ახალი კუთხით წარმოგვიჩენს ბევრ პრობლემას, მათ შორის, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და მათ პერსპექტივებს.
მისი მოღვაწეობის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სახელოვანი პაპის, გიორგი ლეონიძის შემოქმედების მრავალმხრივი შესწავლა. უკანასკნელ ხანებში ბატონი გიორგი ბევრს ავადმყოფობდა, მაგრამ ეს არანაირად არ დამჩნევია მისი სამეცნიერო მუშაობის ინტენსიობას, ნაშრომების ხარისხსა და თემატიკის მრავალფეროვნებას.

ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი საისტორიო მეცნიერებისთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს.