აკადემიკოსი
ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი
(1976-1940)
დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11(23) აპრილს ქ. თბილისში.
ჯავახიშვილების გვარის უძველესი წინაპრები მესხეთიდან იყვნენ – თორელები. შემდგომ ისინი გადმოსახლებულან ქართლში, მდ. თეძმის ხეობაში, სოფელ ხოვლეში.
1895 წლის ივლისში მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და იმავე წლის აგვისტოში შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც იგი გამოჩენილი მეცნიერის - ნიკო მარის ხელმძღვანელობით მუშაობდა.
1898 წელს ნაშრომისათვის - „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ივ. ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1899 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით, დატოვებული იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად.
1901 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ბერლინის უნივერსიტეტში მიავლინეს. 1902 წლის აპრილ-სექტემბერში ნ. მართან ერთად, ქართული ხელნაწერების აღწერისა და შესწავლის მიზნით, იმყოფებოდა სინას მთაზე.
1903 წლის 1 იანვარს ივ. ჯავახიშვილი დაინიშნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად და ამ თანამდებობაზე 1917 წლამდე მუშაობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული საისტორიო მეცნიერების ახალი ეტაპის დაწყება XX ს-ის დასაწყისში. მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიის მეცნიერულ-კრიტიკულ და სისტემატიზებულ შესწავლას. პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა: „მამულიშვილობა და მეცნიერება“ (1904), „საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია“ (1905), „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფო წყობილება“ (1905), „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX ს-ში“ (1905), „ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში“ (1906), „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“ (1906), „ქართველი ერის ისტორია“ წიგნი I (1908) , „ქართული სამართლის ისტორია“ წიგნი I (1909), „ქართველი ერის ისტორია“ წიგნი II (1914), „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა,“ წიგნი I , „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“ (1916) და სხვა, უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში.
პეტერბურგის უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ივ. ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში; ნაყოფიერად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“, იყო „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ წევრი, კითხულობდა საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში და ა. შ.
1918 წლის 26 იანვარს ივ. ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთა ერთად დააარსა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
1936 წელს ის მიიწვიეს კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში ენიმკი) მუდმივ სწავლულ-კონსულტანტად; 1937 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგედ; 1937 წელს - შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის დირექტორად.
1939 წელს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
30-იან წლებში ივ. ჯავახიშვილის რამდენიმე ნაშრომი დაიბეჭდა, კერძოდ: „სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX-XII სს-ში“ (1934), „ძველი სომხური საისტორიო მწერლობა“, წიგნი I (1935), „ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“ (1937), „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ (1937), „ქართული მუსიკის ისტორიის საკითხები“ (1938) და ა. შ.
ივანე ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს ლექციის კითხვის დროს, გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალა.