აკადემიკოსი, ინსტიტუტის დირექტორი
გიორგი მელიქიშვილი
გიორგი მელიქიშვილი
(1918-2002)
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).
გიორგი მელიქიშვილი დაიბადა 1918 წლის 30 დეკემბერს ქ. თბილისში. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1944 წლიდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1961 წ-ან ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებას.
1965-1999 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორია; 1999-2002 წლებში კი, ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.
გ. მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში, ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. იგი ავტორია მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში; ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე, მან გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების - კულხასა და დიაუხის ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობა.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ძირითადი ნაშრომები:
- უძველეს კლასობრივ საზოგადოებათა სოციალურ-ეკონომიკური წყობის პრობლემა, 2003;
- ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, 1999;
- ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, 1998;
- ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, 1973;
- საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, 1965;
- როგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერები, თბილისი, ნაკადული, 1961;
- Урартские клинообразные надписи, 1960;
- К истории древней Грузии, 1959;
- საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის, 1955;
- Наири-Урарту, 1954.