აკადემიკოსი, ინსტიტუტის დირექტორი
ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილი
ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილი
(1895-1965)
დაიბადა 1895 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში; 1917 წელს დაასრულა ბათუმის გიმნაზიის კურსი; 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს.
ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1939 წელს აირჩიეს თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1948-1965 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1935-1938), თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1938-1940), თსუ-ში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამდეგ (1946-1956).
ნიკო ბერძენიშვილის თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი „საქართველოს ისტორია“. მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში; წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ; ნიკო ბერძენიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები.
ნ. ბერძენიშვილის შრომებმა: „ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში“ (1937), „ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან“ (1938), „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე“ (1944), „XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან“ (1944), „კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში“ (1955), „საქართველოს ისტორია“ (1943-1960, თანაავტორი და რედაქტორი) და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციამ - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება. ნიკო ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. 1947 წელს, ივ. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად, საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ძირითდი ნაშრომები: