სიმონ ჯანაშია
აკადემიკოსი, ინსტიტუტის დირექტორი

სიმონ ჯანაშია

                                        სიმონ ჯანაშია
                                         (1900-1947)

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941-1947), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946).
დაიბადა 1900 წელს სოფელ მაკვანეთში, ოზურგეთის რაიონი. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და ენათმეცნიერების სპეციალობით.
1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას. 1935 წელს დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად; 1936-1937 წწ.-ში ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში; 1936-1941 წწ.-ში ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს; 1941-1943 წწ.-ში ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიისა და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს; ხოლო 1943-1947 წლებში - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება; ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია; კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია; ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1940-იან წლებში ს. ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო.
სიმონ ჯანაშია დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ძირითადი ნაშრომები