აკადემიკოსი
სიმონ ყაუხჩიშვილი
სიმონ ყაუხჩიშვილი
(1895-1981)
ქართველი ისტორიკოსი, ბიზანტინოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი.
დაიბადა 1985 წ. ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის - ი. ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ს. ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი „ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფის“ ქართული თარგმანი)“, ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920-1921 წლებში), უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობდა ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან გაემგზავრა ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტების, ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკას და პალეოგრაფიას.
1923 წ-დან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა. 1950 წელს მას მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება მიენიჭა.
1960 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წელს აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ს. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად 1937/1940 (II. ტომი შ. ნუცუბიძესთან ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს „ბალავარიანთან" დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: „ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან“ (1948).
ძირითადი ნაშრომები: