გიორგი ჩიტაია
აკადემიკოსი

გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია
(1890-1986)

ქართველი ეთნოლოგი, ეთნოგრაფი, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).
1907 წელს ფოთის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1911 წლიდან ირიცხებოდა პეტერბურგის უნივერსისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე; 1913 წელს კენიგსბერგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა გერმანულ ენას და ისმენდა პროფესორ ბროკელმანის ლექციებს; პეტერბურგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ეთნოლოგიის საფუძვლებს, რომელიც 1916 წელს დაამთავრასაქართველოში დაბრუნდა და შეუდგა მეცნიერულ მოღვაწეობას.
1917-1922 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას . ფოთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში; 1923-1931 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 1929-1930 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი; 1930-1940 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1931-1936 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1935-1936 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის კავკასიამცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1936-1938 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის სექციის ხელმძღვანელი; 1938-1941 წწ. ამავე ინსტიტუტის ეთნოგრაფიის  განყოფილების გამგე; 1940-1953 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე.
. ჩიტაია 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების გამგე, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. 
იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საველე ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებას; დანერგა საველე მუშაობის კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი და პირველმა ნათელჰყო მისი უპირატესობა. ყოველივე ეს აისახა მეცნიერის ორასამდე ნაშრომში, რომლებიც დაფუძნებულია მდიდარ საველე მასალაზე.
გ. ჩიტაია სწავლობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზს, ქართველთა სამეურნეო ყოფას და მატერიალურ კულტურას. ჩიტაიას მეცნიერული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია მის მიერ თეორიულ დონეზე შესწავლილი მემინდვრეობის სისტემები საქართველოსა და ამიერკავკასიაში და ამ სისტემებთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღებისა და ნაგებობების, შრომის ორგანიზაციის, რწმენა-წარმოდგენების, რიტუალების, სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებანი. ხანგრძლივი ნაყოფიერი ძიების შედეგად, მკვლევარმა დაადგინა, რომ საქართველო ერთ-ერთი დიდად განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურის ქვეყანაა, დაადგინა სახველი იარაღების განვითარების ძირითადი ფორმებისამცხე-ჯავახეთში ტერასული მიწათმოქმედების საკითხები, ქართული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების სტრუქტურული კლასიფიკაციის პრინციპები, ქართული ხალხური ორნამენტის ორი სტილი. ავტორის ეს ღვაწლი მნიშვნელოვან მონაპოვრად აღიარეს აგრო-ეთნოგრაფიის დარგში, რისთვისაც მეცნიერი აირჩიეს აგრარული ეთნოგრაფიის საერთაშორისო კომიტეტის წევრად.
მისი ფასდაუდებელი ღვაწლის შედეგია 1960 წელს თბილისში დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ; გ. ჩიტაიამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა არაერთი მეცნიერი. შექმნა პირველი სალექციო კურსი და ზოგადი ეთნოგრაფიის შესავალი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი შრომები ხუთ ტომად გამოიცა 1997-2001 წლებში.


ძირითადი ნაშრომები:
 
  • შრომები (ავტორი) // . 4: საუნივერსიტეტო ლექციების კურსი ეთნოგრაფიაში,  2001.
  • შრომები (ავტორი) // . 5: ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წერილები, რეცენზიები, 2001.
  • შრომები (ავტორი) // . 3: XX . ქართული ეთნოგრაფია. საველე-ეთნოგრაფიული ძიებანი, მეთოდოლოგია, 2001.
  • შრომები (ავტორი) // . 2: ქართველი ხალხის ეთნოგენეზი და კულტურულ-ისტორიული პრობლემები, 2000.
  • შრომები (ავტორი) // . 1: ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა, 1997
  • ქართული ეთნოლოგია : ლიტ. მიმოხილვა (ავტორი) // ცალკე ამონაბეჭდი, 1926.