ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ვახტანგ ჯაფარიძე
ვახტანგ ჯაფარიძე
(1911-1993)
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956). მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1994).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1930).
1930-1936 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რადიოცენტრის მიერ ქართული გადაცემების დიქტორად; 1935 წელს მონაწილეობა მიიღო ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ ექსპედიციაში; 1936 წელს ვ. ჯაფარიძე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის და მისი ეპოქის მუზეუმში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც დაიწყო მუშაობა შუა საუკუნეთა საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის საკითხებზე, კერძოდ თიხის ჭურჭლის შესწავლაზე; 1936-37 წწ. მუშაობდა დმანისისა და გეგუთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1938-1939 წწ. მონაწილეობდა "შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის" საიუბილეო გამოფენის მოწყობაში; 1939-1941 წწ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სამთავროს რაზმში; 1939-1941 წწ. თრიალეთისა და მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალების გამოფენის მომზადებაში, რომელიც მოეწყო საქართველოს სახ. მუზეუმში აკად. ს. ჯანაშიას ხელმძღვანელობით; 1940-1941 წწ. იყო ქართული ხელოვნების ისტორიის სექტორში (შემდგომში ინსტიტუტი, ამჟამად ცენტრი) უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1946 წლიდან იწყებს მუშაობას საქართველოს სახ. მუზეუმის ისტორიის განყოფილებაში უმცრ. მეცნ. თანამშრომლად, იმავე წელს გადჰაყავთ ფონდების სწავლული მცველის თანამდებობაზე; 1952 წლიდან მუზეუმის სწავლული მდივანია; 1954 წელსს მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით აღდგა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მატერიალური კულტურის გამოფენა; 1958-1971 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1960 წელს მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეთა საერთაშორისო XXV კონგრესზე ვაზტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მოეწყო ძველი ქართული ნივთიერი კულტურის ძეგლებისა და ქართული სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა, რისთვისაც მუზეუმსა და ვ. ჯაფარიძეს კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის მადლობა და მას პირადად სამახსოვრო მედალი გადაეცა; 1960 წლიდან მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით მუშაობა განაახლა დმანისის არქეოლოგიურმა ექპედიციამ, რომელსაც იგი უცვლელად უძღვებოდა 1992 წლის ჩათვლით; დაიწყო ფართო მასშტაბური არქეოლოგიური კვლევა-ძიება არა მარტო დმანისის ნაქალაქარზე, არამედ ქვემო ქართლში; იგი ქვემო ქართლში ჩავიდა ვრცელი და ყოვლის მომცველი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებდა აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ შეთავაზებულ ცალკეულ მხარეთა კომპლექსური შესწავლის მეტად გონივრულად შედგენილ პროგრამას; ექსპედიციამ 1960-1992 წლებში ქვემო ქართლში გამოავლინა ნასოფლარები, სამაროვნები, ხელოსნობისა და დამწერლობის უნიკალური ნიმუშები. სწორედ ამ მასალების შემაჯამებელ კვლევას მიეძღვნა მოგვიანებით, 1982 წელს მის მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფია "ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლში"; 1971-1987 წწ. იყო აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნათმეცნიერების ინსტიტუტის შუა საუკუნეთა ხანის არქეოლოგიურ განყოფილებაში ჯერ უფროს მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ ხელმძღვანელად; 1973 წელს მონაწილეობს ქ. ასტრახანში მიძინების ტაძრის ტერიტორიაზე ქართველ მეფეთა, ვახტანგ VI-ის და თემურაზ II-ის, სამარხების შესწავლაში; 1974 წელს გამოაქვეყნდა სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი "ქართული ისტორიული ძეგლები ქალაქ ასტრახანში" (გ. პაიჭაძის თანაავტორობით). 1983 წელს კონსულტაციას უწევს მოსკოვის დონის მონასტერში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს; 1975 წელს მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ისტორიის ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიის საპრობლემო ჯგუფი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით 40 წლის წინ შეგროვებული მასალების გამოცემა; 1976-1992 წწ. გამოიცა 9 წიგნი, რომელთაგან იგი არის 3 ტომის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი, ხოლო მის მიერ შეგროვებული მასალები დაბეჭდილია ყველა წიგნში. ქართული ისტორიოგრაფიის ამ ფუნდამენტურ ნაშრომს 1994 წ-ს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია (მეცნიერთა ჯგუფთან ერთად). მას გამოუქვეყნებელი დარჩა ნაშრომი "მასალები ქართული მეჭურჭლეობის ტერმინოლოგიისათვის", დაუმთარებელი ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო მრავატომეულისათვის "საქართველოს არქეოლოგია", მუშაობდა მონოგრაფიაზე "ნაქალაქარი დმანისი", 2 ტომიან განმარტებით ილუსტრირებულ ლექსიკონზე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა შინამრეწველობის მასალებში არსებული ტერმინები, ამზადებდა კრებულს "დმანისი"; თანაავტორია წიგნისა "თბილისის ისტორია" (ტ. 1, 1990.)
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოება XI-XIII სს-ის საქართველოში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით)."
ძირითადი ნაშრომები: