2018
ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები
05.10
ავტორები:
ნათია ჯალაბაძე
ალექსანდრე დაუშვილი
მედეა ბურდული
ლალი მღებრიშვილი
ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტი - FR/406/2
თანამედროვე ქართულ სოფელში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები პროექტის თემად შემთხვევით არ აგვირჩევია: საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა ოდითგანვე მისი ეკონომიკის მთავარი საფუძველი იყო. ისტორიულად სოფლის ეკონომიკური სიძლიერე ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინსვლის გარანტი. საქართველოს მრავალფეროვანმა ფიზიკურ-გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა სამეურნეო დარგისა და მრავალფეროვანი სამეურნეო ტრადიციების ჩამოყალიბება-განვითარებას, რაც ქვეყნის ბარის, მთისწინა მთის სამეურნეო ზონების თავისებურებებს შეესაბამებოდა. საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა ქართველი მეურნის გეოგრაფიულ პირობებთან ზედმიწევნით მისადაგებული ყოფა – დასახლება, საცხოვრებელი კარმიდამო, სამეურნეო საქმიანობა და სხვა. ტრადიცია და საკუთარი გამოცდილება ქართველ გლეხს აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ რეგიონში მისთვის მომგებიანი სამეურნეო საქმიანობა ეწარმოებინა: ბარში – სიმბიოზური (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა) მიწათმოქმედების დაწინაურებული ფორმით; მთაში - მესაქონლეობა, ოჯახის გამოსაკვებად სამყოფი მიწათმოქმედებით და მთის წინა ზოლი - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის თითქმის თანაბარი განვითარების ტენდენციით. სოფლის მეურნეობის მძლავრი ტრადიცია იყო ის იარაღი, რამაც მრავალი კატაკლიზმების მიუხედავად ქართულ სოფელს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.