ქართული სოფლის ტრადიციული  სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები
2018

ქართული სოფლის ტრადიციული  სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები

05.10


ავტორები:
ნათია ჯალაბაძე
ალექსანდრე დაუშვილი
მედეა ბურდული
ლალი მღებრიშვილი

ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტი - FR/406/2

თანამედროვე ქართულ სოფელში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები პროექტის თემად შემთხვევით არ აგვირჩევია: საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა ოდითგანვე მისი ეკონომიკის მთავარი საფუძველი იყო. ისტორიულად სოფლის ეკონომიკური სიძლიერე ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინსვლის გარანტი. საქართველოს მრავალფეროვანმა ფიზიკურ-გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა სამეურნეო დარგისა და მრავალფეროვანი სამეურნეო ტრადიციების ჩამოყალიბება-განვითარებას, რაც ქვეყნის ბარის, მთისწინა მთის სამეურნეო ზონების თავისებურებებს შეესაბამებოდა. საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა ქართველი მეურნის გეოგრაფიულ პირობებთან ზედმიწევნით მისადაგებული ყოფადასახლება, საცხოვრებელი კარმიდამო, სამეურნეო საქმიანობა და სხვა. ტრადიცია და საკუთარი გამოცდილება ქართველ გლეხს აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ რეგიონში მისთვის მომგებიანი სამეურნეო საქმიანობა ეწარმოებინა: ბარშისიმბიოზური (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა) მიწათმოქმედების დაწინაურებული ფორმით; მთაში - მესაქონლეობა, ოჯახის გამოსაკვებად სამყოფი მიწათმოქმედებით და მთის წინა ზოლი - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის თითქმის თანაბარი განვითარების ტენდენციით. სოფლის მეურნეობის მძლავრი ტრადიცია იყო ის იარაღი, რამაც მრავალი კატაკლიზმების მიუხედავად ქართულ სოფელს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.