2013 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ვაჟა კიკნაძის წიგნის: "ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)" "The Eurasian State of Georgia in the Fourteenth Century" (The Mongol Era and Its End) პრეზენტაცია. წინასიტყვაობის ავტორია: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ლ. ქავთარაძე.
წიგნი 2013 წელს, ქვინსტონში, ინგლისურ ენაზე გამოსცა პრესტიჟულმა გამომცემლობამ: "ედვინ მელენ პრეს" (Edwin Mellen Press).
წიგნში განხილულია საქართველოს ისტორია მე-13 საუკუნის მიწურულიდან მე-14 საუკუნის ბოლომდე. ნაშრომი წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულ მეცნიერულ გამოკვლევას ამ ეპოქის შესახებ. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა გიორგი V ბრწყინვალის მეფობის წლებს (1318-1346). კერძოდ, მონღოლთა უღლის დასასრულისა და საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პერიპეტიებს. ასევე, წიგნში მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი მე-14 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნუმიზმატიკური და კულტურული ვითარება. მონოგრაფიაში ცალკე თავი ეძღვნება მე-14 საუკუნის ანონიმი ავტორის, ე. წ. ჟამთააღმწერლის ვინაობის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ წიგნმა დაიმსახურა გამომცემლობის მიერ დაწესებული - ადელ მელენის (Adé le Mellen) სახელობის პრიზი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.