2017
ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში
09.08
ავტორი
ნათია ჯალაბაძე
ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტი - N 384/2
2015-2017 წლებში რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა პროექტი „ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივა ყაზბეგის რაიონში“, რომლის ფარგლებშიც დაიწერა წინამდებარე ნაშრომი. საკითხის მეცნიერულად შესწავლის აუცილებლობა ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, როდესაც რუსეთის მიერ 2008 წელს ცხინვალისა და ახალგორის ოკუპაციის შემდგომ, ყაზბეგის რაიონი რუს/ოს პოლიტიკოსთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა; გაჟღერდა და თანდათან გააქტიურდა მათი პრეტენზიები ყაზბეგის რაიონის იმ ტერიტორიებზე, სადაც ოსები სახლობდნენ. ჩრდილო ოსეთში დაიწყო კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე. გამოითქვა ვარაუდები, რომ ამ რეგიონთან მიმართებაში შესაძლებელია განვითარდეს გაუთვალისწინებელი პროცესები, რომლის მონაწილეებადაც ოსები და ქართველები მოგვევლინებიან, რომ რუსეთი, კვლავ ოსური ფაქტორის მანიპულირებით, ახალ სცენარს ქმნის.