ჯულიეტა რუხაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჯულიეტა რუხაძე

                                ჯულიეტა რუხაძე
                                      (1921-2012)

ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983). 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1942-1945 წწ-ში მუშაობდა მასწავლებლად; 1945 წელს გიორგი ჩიტაიას რეკომენდაციით ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა, სადაც მეცნიერის ყველა საფეხური გაიარა უმცრ. მეცნიერი თანამშრომლიდან განყოფილების გამგემდე.
მისი მეცნიერული კვლევის თვალსაწიერი ფართო და მრავალმხრივი იყო; განუსაზღვრელია მისი როლი, როგორც ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის საკითხებზე მომუშავე მეცნიერისა; ქართველი ხალხის, კერძოდ დასავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ყოფის ისტორიას მან მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევა „ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში,“ ეს გამოკვლევა გაფართოების შემდეგ მის სადოქტორო დისერტაციად იქცა; თანაბარი სიღრმით სწავლობდა ქართველი ხალხის ტრადიციებს, ხალხურ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, როგორც სულიერი და მატერიალური კულტურის, ისე სამეურნეო ყოფისა და სოციალურ ურთიერთობათა სფეროში; მისი ინტერესი მთლიან საქართველოს მოიცავდა: აღმოსავლეთსა და დასავლეთს, მთასა და ბარს; თავისი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებით ის ცდილობდა ქართული ეთნიკური კულტურის, ტრადიციისა და ყოფის თავიესბურებანი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ცნობილი გაეხადა; ის 10-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორია; მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა საველე ეთნოგრაფიული მასალები 11 წიგნად; დაბეჭდილი აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე; ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხუთტომეულის გამოცემისა; მისი დამსახურებაცაა დიდი ივანე ჯავახიშვილის კითხვარითა და ინიციატივით XX საუკუნის 30-იან წლებში შეგროვილი საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის მასალების ჯერ გადარჩენა და შემდეგ რვა წიგნად გამოცემა; ჯულიეტა რუხაძე ამ მნიშვნელოვანი გამოცემის ორი ტომის რედაქტორია; რომ არა ის, ალბათ დღესაც არ გვექნებოდა დაბეჭდილი ალექსი ოჩიაურის უნიკალური ეთნოგრაფიული ჩანაწერების ორი ტომი; მასვე ეკუთვნის პროფესორ ვერა ბარდაველიძის მიერ შედგენილი ქართველი ხალხის სულიერი ყოფისა და კულტურის ვრცელი პროგრამა-კითვარის გამოცემა, რომლითაც ეთნოგრაფთა მთელი თაობები სარგებლობდნენ; წინა თაობის ეთნოლოგებისადმი დიდი ყურადღების დამადასტურებელია ჯულიეტა რუხაძის მიერ ვერა ბარდაველიძის ნაშრომის - „ივრის ფშაველები“ - ცალკე წიგნად გამოცემა, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა.
სადოქტორო დისერტაციის თემა: „ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში.“

ძირითადი ნაშრომები: